ახალი ამბები
13 მარტი 2023
საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა” მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფებთან. 2023 წლის იანვარში საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა ორი პროექტი, რომლებშიც „გრენა” თანამონაწილე ორგანიზაციის სტატუსით არის ჩართული.
პირველი პროექტის წამყვანი მონაწილეა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და პროექტი უკავშირდება პროტონული თერაპიის ტექნიკის სიზუსტესა და მისი გაუმჯობესების შესაძლებლობებს შესწავლას. ჰადრონული (პროტონული) თერაპია კიბოს მკურნალობის თანამედროვე, მაღალპერსპექტიული მეთოდია.
მეორე პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიის ფიზიკის ინსტიტუტი (HEPI TSU) და პროექტი მიზნად ისახავს KM3NeT ტელესკოპით ნეიტრინოს შემთხვევების შესწავლას. KM3NeT შემდეგი თაობის ნეიტრინო ტელესკოპები არის ESFRI ინფრასტრუქტურა, რომელშიც ჩართულია მრავალი პარტნიორი ევროპიდან და მთელი მსოფლიოდან.
ასოციაცია „გრენა” მხარს უჭერს KM3NeT ექსპერიმენტს გამოთვლითი და მეხსიერების რესურსებით მოდელირების და მონაცემთა ანალიზისთვის. ასევე„გრენა”-მ უზრუნველყო მაღალი სიჩქარის კავშირი HEPI TSU-სთან. პროტონული თერაპიის პროექტში „გრენა”-ს ღრუბელი GCloud გამოყენებული იქნება პროტონული ურთიერთქმედების სხვადასხვა მოდელების შედარებისთვის და პროტონული თერაპიის მონიტორინგის შესასწავლად. „გრენა” აგრეთვე უზრუნველყოფს ორივე პროექტის IT მხარდაჭერას.