ასოციაცია ”გრენა” თავის მომხმარებლებს და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას სთავაზობს ვებ და ელ-ფოსტის ჰოსტინგის სერვისებს.

”გრენა”-ს ეს ორი სერვისი განსხვავდება სტანდარტული ჰოსტინგისაგან იმ თვალსაზრისით, რომ ”გრენა”-ს სერვერებზე მაქსიმალურად არის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები. სერვერები დაცულია მრავალი პროგრამული და აპარატურული მოდულით, რაც მინიმუმამდე ამცირებს სერვერებზე განთავსებული ინფორმაციის დაზიანების ან არასანქცირებული მოდიფიცირების შესაძლებლობას.

სერვერებზე სხვადასხვა ტიპის კიბერ შეტევების მცდელობების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგი ხდება რეალურ დროში. ეს შესაძლებლობას იძლევა საფრთხის შემთხვევაში უმოკლეს ვადაში მოხდეს რეაგირება ინციდენტზე.

რეგულარულად ხდება სერვერების სარეზერვო ასლების შენახვა. ეს სერვერზე არსებული ინფორმაციის დაზიანების, ან დაკარგვის შემთხვევაშიც კი ინფორმაციის უმოკლეს დროში პირვანდელი სახით აღდგენის შესაძლებელობას იძლევა.

”გრენა” მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ჰოსტინგს, ასევე სრულყოფილ ვირტუალურ ინფრასტრუქტურას. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ”გრენა”-ს მიერ მისთვის გამოყოფილი ვირტუალური სერვერით და თავად მართოს ეს სერვერი (დააინსტალიროს მისთვის სასურველი ოპერაციული სისტემა და სერვისები). მოთხოვნების შესაბამისად, დინამიურად გაზარდოს ან შეამციროს სერვერისათვის გამოყოფილი სისტემური რესურსები.

”გრენა” აგრეთვე მომხმარებლებს სთავაზობს ე.წ. High Availability სტრუქტურას. კრიტიკული სერვისები ან ინფორმაცია განთავსდება ორ სხვადასხვა ვირტუალურ და ფიზიკურ სერვერზე, რომელთაგანაც ერთი წარმოადგენს მთავარ სერვერს, ხოლე მეორე მის ზუსტ ასლს. მეორე სერვერი ჩართული იქნება მომლოდინე ე.წ. (Hot Standby) რეჟიმში და პირველი სერვერის გათიშვის შემთხვევაში ავტომატურად გადაიბარებს ძირითადი სერვერის როლს. ეს მინიმუმამდე ამცირებს სერვერის მიღწევადობაში წყვეტის ალბათობას.

დამატებითი ტექნიკური ინფორმაციისთვის ან კონსულტაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.