მაღალი სიჩქარის კომპიუტერული ქსელი და კავშირი GÉANT2-თან
ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის მკვლევარებსა და სტუდენტებს ეფექტურ თანამშრომლობაში
2008 წლის 3 მარტი, ანკარა, თურქეთი და კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო: დღეს დაწყებული შავი ზღვის ურთიერთკავშირის (BSI) პროექტი მიზნად ისახავს რეგიონალური სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელის შექმნას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და მის დაკავშირებას GÉANT2-თან (მაღალი სიჩქარის ევროპულ სამეცნიერო ქსელთან). ეს არის ამ სახის უდიდესი პროექტი რეგიონში და ის საშუალებას მისცემს კავკასიაში მოღვაწე მეცნიერებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ კვლევებსა და საგანმანათლებლო საქმიანობებში ევროპელ კოლეგებთან ერთად. BSI-ის პროექტის დასაფინანსებლად ევროკომისიამ გამოყო 1,4 მილიონი ევრო კვლევისა და განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში.
BSI პროექტი იქნება ხიდი იმ ეგრეთ წოდებული ”ციფრული უთანასწორობის” აღმოსაფხვრელად, რომელიც არსებობს სამხრეთ კავკასიის ნაციონალურ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელებსა (როგორიცაა საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია ”გრენა” საქართველოში, AzRENA აზერბაიჯანში, მეცნიერებათა აკადემიის ქსელი სომხეთში) და ევროპას შორის. ეს განხორციელდება მაღალი სიჩქარის მაგისტრალური ქსელის შექმნით სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მისი ევროპულ ქსელ GÉANT2-თან დაკავშირებით.
თურქეთის ნაციონალური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელი (TÜBİTAK-ULAKBİM) კოორდინირებას უწევს შავი ზღვის ურთიერთკავშირის ინიციატივას. ეს არის სამაგალითო და ამასთან ყველაზე დიდი ზომის პროექტი, რომელსაც კოორდინირებას უწევს თურქეთი ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში.
”სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მიღწეული შესანიშნავი შედეგების გათვალისწინებით, BSI პროექტი მიზნად ისახავს არსებული ”ციფრული უთანასწორობის” შემცირებას შავი ზღვის გარშემო განლაგებულ ქვეყნებსა და ევროპას შორის”, განაცხადა ვივიენ რედიგნმა, ევროკავშირის კომისარმა ინფორმაციისა და მედიის საკითხებში. ”ჩვენს მიერ სამეცნიერო ქსელის ინფრასტრუქტურების მხარდაჭერა ხელს უწყობს არა მხოლოდ მეცნიერთა თანამშრომლობას გლობალურ დონეზე, არამედ ასევე უზრუნველყოფს იმ თანამედროვე ონლაინ მომსახურებების ხელმისაწვდომობას, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მედიცინა, განათლება და მეტეოროლოგია. ეს დადებით შედეგებს მოუტანს როგორც მკვლევარებს, ასევე ამ ქვეყნების მთელ მოსახლეობას.”
სამხრეთ კავკასიის დაკავშირება რეგიონალური მაგისტრალური ქსელის საშუალებით GÉANT2-თან და ევროპასთან მაღალი სიჩქარის კავშირის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი მომსახურებების დანერგვას და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კავკასიის სამეცნიერო პოტენციალის ევროპასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ინტეგრირების გზაზე. ეს იქნება ხიდი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ევროპას შორის არსებულ ”ციფრულ უთანასწორობის” აღმოსაფხვრელად, რომელიც შესაძლებელს გახდის თანამშრომლობის გაფართოებას სამეცნიერო პროექტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
შავი ზღვის ურთიერთკავშირი მნიშვნელოვანი საშუალებაა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) მიზნების მისაღწევად. ის ხელს შეუწყობს BSEC-ს მოახდინოს რეგიონალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მიმართულებების კონცენტრირება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ყველა წევრი სახელმწიფოების ინტერესებში არსებული ერთობლივი პროექტების წამოწყებისა და BSEC წევრ სახელმწიფოებსა და სხვა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შემოთავაზების გზით. კერძოდ, ევროკავშირთან გაფართოებული GÉANT2 ქსელის საშუალებით.
”შავი ზღვის ურთიერთკავშირი არა მხოლოდ აახლოვებს და აკავშირებს სამხრეთ კავკასიის სამცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებებს ევროპასთან, არამედ ასევე ფუნქციონირებს როგორც მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი მიღწევების გავრცელება მთელი შავი ზღვის რეგიონის გასწვრივ ცენტრალურ აზიამდე მნიშვნელოვანი ინტერრეგიონალური ელემენტების შემოტანის საშუალებით”, თქვა პროფესორმა ჩემ სარაჩმა, TÜBİTAK-ULAKBİM-ის დირექტორმა. ”ეს მაღალი გამტარუნარიანობის ქსელი ყოფილ ”აბრეშუმის გზას” გადააქცევს თანამედროვე ”ელექტრონულ-აბრეშუმის გზად” ”.
შავი ზღვის ურთიერთკავშირის პროექტი 2008 წლის 1 მარტს დაიწყო და 24 თვის განმავლობაში გაგრძელდება. რეგიონალური ქსელის და GÉANT2-თან კავშირის ფუნქიონირების დაწყება კი 2008 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
GÉANT2-ის შესახებ:
GÉANT2 არის ევროპული მაგისტრალური კომპიუტერული ქსელი, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელებს (NREN) ევროპაში. 34 ქვეყანაში სამეცნიერო და საგანამათლებლო სფეროში მოღვაწე დაახლოებით 30 მილიონი მომხმარებელი დაკავშირებულია ამ სამეცნიერო-საგანამანათლებლო ქსელის საშუალებით. GÉANT2 გვთავაზობს ძალზედ ფართო გეოგრაფიულ დაფარვას, მაღალ სიჩქარეს, ინოვაციურ ჰიბრიდულ ქსელურ ტექნოლოგიებს და მომხმარებლებზე ორიენტირებულ მომსახურეობას. ეს ყველა უპირატესობა GÉANT2-ს წარმოადგენს როგორც ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ საერთაშორისო ქსელს მთელს მსოფლიოში. GÉANT2 ქსელის მთლიანი სიგრძე 50,000 კილომეტრზე მეტია და ის აკავშირებს სამეცნიერო ქსელებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, რაც იძლევა გლობალური სამეცნიერო თანამშრომლობის საშუალებას.
GÉANT2 თანადაფინანსებულია ევროკომისიის კვლევისა და განვითარების მეექვსე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან 30 ევროპული სამეცნიერო და საგანამანათლებლო ქსელი (NREN), ტრანსევროპული სამეცნიერო-საგანამათლებლო ქსელის ასოციაცია (TERENA) და მოწინავე ქსელური ტექნოლოგიების მიწოდება ევროპისათვის (DANTE). ევროპის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელების დავალებით GÉANT2 ქსელის ფუნქციონირებას ახდენს DANTE. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.geant2.net